აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს.
რეზოლუციაში, რომელიც სენატმა 27 ივლისს ერთხმად მიიღო, წერია, რომ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორად საქართველოში, ჩეჩნეთში, სირიასა და უკრაინაში იმ ქმედებების გამო უნდა გამოცხადდეს, რამაც "უამრავი უდანაშაულო კაცის, ბავშვის და ქალის სიკვდილი გამოიწვია".
ამავე რეზოლუციას განიხილავს წარმომადგენელთა პალატაც, რომელიც ასევე მოსალოდნელია, რომ მას მხარს დაუჭერს. თუმცა კონგრესმენები სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გარეშე ვერ შეძლებენ რეზოლუციის მიღებას.
აშშ-ის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში ამჟამად სირია, ირანი, კუბა და ჩრდილოეთ კორეა არიან.
უკრაინის ხელისუფლება მსოფლიოს მოუწოდებს, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ.
3 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ ამ თხოვნით აშშ-ის კონგრესს მიმართა.
21 ივლისს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სთხოვა, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, რადგან კონგრესი თავად ამ ტიპის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.