logo
ENG



აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკრაინის $12,3 მლრდ-ით დახმარებას მოიცავს

30 სექ 202209:35
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკრაინის $12,3 მლრდ-ით დახმარებას მოიცავს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკრაინისთვის 12,3 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

Reuters-ის ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 72-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ ხმა 25-მა მისცა.

დოკუმენტი ახლა წარმომადგენელთა პალატას გაეგზავნება, სადაც პარასკევს გაიმართება კენჭისყრა, შემდეგ კი მას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს.

კანონპროექტი უკრაინისთვის დამატებით სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ითვალისწინებს. ის ასევე საშუალებას აძლევს ბაიდენის ადმინისტრაციას, 3,7 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი უკრაინას აშშ-ის საწყობებიდან მიაწოდოს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 35 მილიონი დოლარი გამოიყოფა უკრაინაში პოტენციური ბირთვული და რადიაციული ინციდენტებისთვის მოსამზადებლად.

ბიუჯეტი მხოლოდ 16 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. კანონმდებლები უფრო ხანგრძლივი პერიოდის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მუშაობას გააგრძელებენ.


close დახურვა