აშშ-ის საელჩოს განცხადებით, საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ $4,3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს.
მათივე ცნობით, სისტემა ცენტრს აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში გადმოეცა. ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.
