აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანოებმა შესუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის კორონავირუსის მესამე ე.წ. ბუსტერული დოზა დასაშვებად ცნო.
BBC-ის ინფორმაციით, საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) გადაწყვეტილება 10 მილიონამდე ადამიანს შეეხება, მათ შორის ორგანოგადანერგილებსა და ონკოპაციენტებს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ერთხმად დაუჭირა მხარი ე.წ. ბუსტერულ დოზას მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
ექსპერტების მოსაზრებით, ორდოზიანი Pfizer და Moderna, ასევე, ერთდოზიანი Johnson & Johnson შესაძლოა არ იყოს საკმარისი ზოგიერთი პირის დასაცავად, განსაკუთრებით კი იმათი, ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს. აღნიშნული სამივე ვაქცინა აშშ-ს გამოიყენება, Pfizer კი, რომელიც ახლა სრულ ავტორიზაციას მოითხოვს, მესამე დოზის აუცილებლობად ლობირებს როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში.
ამავე დროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მესამე დოზაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის საკმარისი ვაქცინა არაა და მათ მოსახლეობის სულ მცირე 10 პროცენტის აცრის საშუალება უნდა მიეცეთ.
ისრაელმა 60 წლის ზემოთ პირებს რევაქცინაცია უკვე შესთავაზა. ერთ-ერთი პირველი, ვინც აიცრა, ქვეყნის პრეზიდენტი იყო. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ე.წ. ბუსტერის შემოღებას სექტემბრისთვის გეგმავს.
ჩილეში მესამე დოზის გაკეთების საშუალებას აძლევენ მათ, ვინც ჩინური სინოვაკით აიცრა. ე.წ. ბუსტერის ჩაშვებას გეგმავენ შვედეთი, ტაილანდი, ინდონეზია და სამხრეთ კორეაც.