ჟენევაში უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. შეხვედრებში მონაწილეობენ აშშ-ის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და იტალიის წარმომადგენლები.
ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, არმიის მდივანი დენ დრისკოლი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობენ, უკრაინის მხრიდან კი დელეგაციას ანდრეი ერმაკი უძღვება.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დიპლომატიური პროცესის განახლება პოზიტიური სიგნალია და ის იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ შეთანხმება არ გაფორმდება, სანამ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა არ გაიმართება.
Axios-მა გამოაქვეყნა ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიების დათმობას, ფრონტის ხაზის გაყინვას, არმიის შემცირებას და რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას. ზელენსკი აცხადებს, რომ ტერიტორიების დათმობა გამორიცხულია და კიევი აშშ-სთან მუშაობას გეგმავს, რათა შეთანხმებაში უკრაინის ეროვნული ინტერესები სრულად იქნას დაცული.
