აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ეხმაურება. ვიდეომიმართვაში ელჩი აღნიშნავს, რომ აშშ არ აპირებს მოლაპარაკებებს საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე.
"ჩვენ უკვე ვნახეთ დიდი რაოდენობით რუსული დეზინფორმაცია და მე მინდა მკაფიო აზრი გამოვთქვა რამდენიმე ძირითად საკითხზე:
ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა: "ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე".
ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად, გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია. ჩვენ, ასევე, მტკიცედ ვართ ერთგული ბუქარესტის დეკლარაციის განცხადების მიმართ: საქართველო და სხვა პარტნიორები გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც გაწევრიანების პირობები დააკმაყოფილდება", - ამბობს ელჩი დეგნანი.
10 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში აშშ-სთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმებოდა ბუქარესტის სამიტის ფორმულირების შეცვლას პირობით, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არასოდეს გაწევრიანდებიან.
"რუსეთისთვის ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია" - აცხადებს რიაბკოვი.
შვეიცარიაში რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა უკრაინის საზღვართან დაძაბულობა განიხილეს. ამ საკითხზე შეხვედრები მომდევნო დღეებში სხვადასხვა ფორმატში გაგრძელდება.