logo
ENG



აშშ-ს საელჩო არჩევნებზე: მნიშვნელოვანია, დასაბუთებული დარღვევების მიუკერძოებელი გამოძიება

01 ნოე 202019:44
3 წუთის საკითხავი
 
ynab4xb0kszzxvn.jpg

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.

საელჩო ზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ "საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა" და მოუწოდებს ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად. მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ", - აცხადებს საელჩო.

საელჩო აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე.

"ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ყველა მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება. ამ არჩევნების წინა პერიოდში მიღებულ რეფორმებში გათვალისწინებული იყო წინა არჩევნებზე დაფიქსირებული ზოგიერთი ხარვეზი", - აცხადებენ საელჩოში.

საელჩო მოუწოდებს მომდევნო მოწვევის პარლამენტს, გაატაროს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ოდირის საარჩევნო შეფასებებში.

"როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და ააშენოს უფრო ძლიერი დემოკრატია", - ნათქვამია განცხადებაში.

ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა ზეწოლის შესახებ ცნობებმა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის წაშლამ.

ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნები ჩატარდა არსებითად შეცვლილ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული და რომელმაც მოიტანა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება, თუმცა, საჭიროა დამატებითი, შემდგომი ძალისხმევა ხარვეზების გასასწორებლად. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 98.34% -  3 783 უბანი. 

მონაცემების მიხედვით: 

ქართულმა ოცნებამ ხმების 48,07% მიიღო

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,12% 

ევროპული საქართველო - 3,78%; 

პატრიოტთა ალიანსი - 3,18%

ლელო - 3,16%

სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%

გირჩი - 2,9%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,34%

ლეიბორისტული პარტია - 1%

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. 


close დახურვა