ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს შესაძლებლობას გამოიყენოს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
კერძოდ, აშშ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსეთის ცენტრალური ბანკის დაბლოკილი 300 მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობას. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა გააკეთა.
"სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმის საფასური, რაც გაანადგურა", - აღნიშნა ნულანდმა.
მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, კონგრესის მხარდაჭერით, მიიღო ახალი უფლებამოსილება, გამოიყენოს რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით.
"თებერვალში ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი ტრანში 5,4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ამ უფლებამოსილების ფარგლებში და მოგვიანებით უფრო მეტი განცხადებები იქნება ამის თაობაზე", - განაცხადა მან.