logo
ENG



აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმები პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებას სთხოვენ

12 აპრ 202312:56
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმები პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებას სთხოვენ

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

გავრცელებულ განცხადებაში ექიმები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალება ჩვენი ქვეყნის დასავლური ფასეულობებისკენ მისწრაფების მკაფიო განაცხადი იქნება.

"საქართველო ევროკავშირისგან ელოდება კანდიდატის სტატუსს და კონსტიტუციაში ასახული ისტორიული მიზანი – საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, ახლა, როგორც არასდროს, ახლოსაა განხორციელებასთან. ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმ 12 მოთხოვნის შესრულებაზე, რომელიც 2022 წლის ივნისში საქართველოს დაუსახეს.

აღნიშნული მოთხოვნებიდან მე-7 ეხება მედიის თავისუფლებას, კრიტიკული მედიის არსებობას და მედიაპლურალიზმს. ამ პუნქტში მითითებულია, რომ მედიამენეჯერების წინააღმდეგ სამართალწარმოება უნდა პასუხობდეს უმაღლეს სტანდარტებს. მე-7 მოთხოვნაში ამ ჩანაწერის თავად არსებობა, მაღალი ალბათობით, გამოწვეულია, ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის“დამფუძნებლის, მედიამენეჯერის, ადვოკატთა ასოციაციის წევრ - ნიკა გვარამიას სრულიად აბსურდული და ხელოვნურად შეთხზული ბრალდებით დაპატიმრებით.

საქართველოს მიმართ წაყენებული 12 მოთხოვნის შესრულებას ევროკომისია აპრილში შუალედურად შეაფასებს და სწორედ ამ შეფასებაზე იქნება მეტწილად დამოკიდებული, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს 2023 წლის შემოდგომაზე.

ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმები სრულიად ვუჭერთ მხარს „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ და თხოვნით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია, რაც ჩვენი ქვეყნის დასავლური ფასეულობებისკენ მისწრაფების მკაფიო განაცხადი იქნება და ერთი ნაბიჯით დააახლოებს საქართველოს ევროპულ დიდ ოჯახთან"- აცხადებენ ექიმები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ნანა გეგეჭკორი - კარდიოლოგი - ბრუკლინი, ნიუ იორკი
  • ლადო ჩაჩანიძე - ინფექციური სნეულებანი - მემფისი, ტენესი
  • გიორგი კაციტაძე - პედიატრი - ჯორჯია
  • ხათუნა ნაცვლიშვილი-სტეპკოვიჩი - ოჯახის ექიმი - სირაკუზი, ნიუ ორკი
  • საბა ბეჟანიშვილი - ნევროლოგი - ატლანტა, ჯორჯია
  • ხათუნა ქადეიშვილი - ინფექციური სნეულებანი - ბრონქსი, ნიუ ორკი
  • თამარ ჩერქეზიშვილი - შინაგანი სნეულებანი - ნიუ ჰეივანი, კონექტიკუტი
  • დავით მაღლაკელიძე - შინაგანი სნეულებანი - ბრუკლინი, ნიუ ორკი
  • დავით ჩაჩხიანი - ნევროლოგი - ლუიზიანა
  • სალომე ლემბეკი - ნევროლოგი - სირაკუზი, ნიუ ორკი
  • თინა ურპანიშვილი - შინაგანი სნეულებანი - ნიუ ორკი
  • ნანა მაკალათია - შინაგანი სნეულებანი - ნიუ ორკი
  • ნინო ოქროშიძე - ოჯახის ექიმი - ფილადელფია, პენსილვანია
  • ხათუნა გურგენაშვილი - ნევროლოგი - ჩამბესბურგი, პენსილვანია
  • ნინო ისაკაძე - ელექტროფიზიოლოგი - ბალტიმორი, მერილენდი
  • მამუკა მაჩაიძე - ინფექციური სნეულებანი - ბალტიმორი, მერილენდი
  • იანა ძაგნიძე - ფსიქიატრი - ატლანტა, ჯორჯია
  • მარიკა გელაშვილი - შინაგანი სნეულებანი - ვირჯინია
  • ნინო ქუცხრიკიძე - შინაგანი სნეულებანი - სემინოლი, ფლორიდა
  • ეკატერინე მეტრეველი - ექთანი პრაკტიკოსი - ფისტერვილი, პენსილვანია
  • მარინე ძაგნიძე - ექთანი - ფრიჰოლდი, ნიუ ჯერსი
  • ნინო მიმინოშვილი - ექთანი პრაკტიკოსი - ნიუ ორკი
  • ლიზა ჩერქეზიშვილი - ექთანი - ბერკლი ჰაიტს, ნიუ ჯერსი
  • პაატა შუბლაძე - ექთანი - ჰანტინგტონ ვალი, პენსილვანია
  • სალომე ზაქარიაძე - ექთანი - ჰოლანდი, მიჩიგანი

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. 

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.


close დახურვა