logo
ENG



აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

06 სექ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 
zmwsb2c24wsko4b.png

ამერიკის შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. 

ორეგონის შტატში, პორტლენდში, დემონსტრანტებმა რასიზმის წინააღმდეგ პროტესტის 100 დღის აღსანიშნავად პოლიციას ე.წ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. 

პოლიციის შეფასებით, ეს მღელვარე და ძალადობრივი ქმედება იყო. 

ცეცხლის ბომბები ოფიცრებს ესროლეს, ასევე, დაშავდა თავად დემონსტრანტიც.

ნიუ იორკ ტაიმსის რეპორტიორმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ აქციის მონაწილე ფეხებზე ცეცხლმოკიდებული გარბის. 

პორტლენდში უკვე სამ თვეზე მეტია, ყოველკვირეული საპროტესტო გამოსვლები იმართება, რაც, ზოგ შემთხვევაში, ძალადობრივ სახეს იღებს და დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებით მთავრდება, ასევე, ერთმანეთს მემარჯვენე და მემარცხენე ჯგუფები უპირისპირდებიან. 

გასულ ღამეს პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა, მაგრამ ზუსტი რიცხვი ჯერაც არ დაუსახელებია. 

შაბათს, 5 სექტემბერს დაპირისპირება იყო კენტუკის შტატში, ლუისვილშიც, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

საპროტესტო აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებში მაისში, მინეაპოლისში პოლიციელის მიერ ფერადკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. მოქალაქეები ითხოვენ, პოლიციას ნაკლები ძალაუფლება ჰქონდეს და ადეკვატურად დაისაჯონ ჩადენილი გადაცდომებისთვის. 

ივნისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც პოლიციის სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. არასათანადო ქცევის გამო გასამართლდებიან პოლიციელები. სამართალდამცველები ვალდებულები გახდებიან, გამოიყენონ კამერები, აიკრძალება მოგუდვის ტექნიკის გამოყენება. შეიქმნება ბაზა, სადაც ასახული იქნება პოლიციის წინააღმდეგ შესული საჩივრები და სხვა. თუმცა, კანონი ჯერ დამტკიცებული არ არის. იმისთვის, რომ ამოქმედდეს, ის ჯერ სენატმა უნდა მიიღოს, ხოლო პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს. 


close დახურვა