logo
ENG



აშშ-ში რუსეთის ელჩი: სანქციები მტკივნეულად დაარტყამს მსოფლიოს ფინანსურ ბაზარს

23 თებ 202211:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/23/al9977gz7w83cat.jpg

აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მსოფლიო ბაზარს დაარტყამს.

"ეჭვგარეშეა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გატარებული სანქციები მტკივნეულად დაარტყამს მსოფლიოს ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს. გვერდით არ დარჩებიან არც ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც რიგითი მოქალაქეები საკუთარ თავზე იგრძნობენ ფასების ზრდას", - განაცხადა რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიმართ დაწესებული შეზღუდვები არაფერს წყვეტს:

"ძნელი წარმოსადგენია, რომ ვაშინგტონში ვინმეს იმედი აქვს, რომ რუსეთი გადახედავს თავის საგარეო პოლიტიკას შეზღუდვების საფრთხის ქვეშ. არ მახსოვს არც ერთი დღე, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ დასავლეთის მხრიდან რაიმე სანქციების გარეშე იცხოვრა. ჩვენ ვისწავლეთ ასეთ პირობებში მუშაობა. და არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ქვეყნის განვითარება".

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა ევროკავშირმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება. აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.

რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. 

სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტზე - VEB და სამხედრო ბანკს. ასევე შავ სიაში მოხვდებიან რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები.

გარდა ამისა, რუსეთს შეეხება კანადის, იაპონიისა და ავსტრალიის სანქციები. 


close დახურვა