ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს კორონავირუსის დასადგენ 2 000 სწრაფ ტესტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც საელჩოს ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.
დეგნანმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და შტატების მხრიდან სხვადასხვა ტიპის დახმარებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-მ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის უკვე 140 მილიონი დოლარი გამოყო და მხარდაჭერა კვლავ გრძელდება. კერძოდ, დეგნანის ინფორმაციით, USAID-ი საქართველოს 1.1 მილიონ დოლარს გამოუყოფს. გარდა ამისა, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი 100 000 დოლარის ღირებულების დამცავ აღჭურვილობას შეიძენს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.
„დღეს, როდესაც კოვიდ-19-ის პანდემიის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკისა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ძლიერი და მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის განვითარებისთვის. კოვიდ-19-ით გამოწვეული საგანგებო ვითარებისას ნათლად ვხედავთ ამ სექტორში ჩვენი მუშაობის სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგებს. საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივი ძალისხმევით, სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა კრიზისის მართვისა და კოვიდ-19-ის გავრცელების შემცირების კუთხით. ამერიკის მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი საქართველოს დახმარების საქმეში.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), რომელიც აგრძელებს ფართო სპექტრის დახმარების პროგრამების განხორციელებას სოფლის მეურნეობის, განათლების, ბიზნესის განვითარების, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, ახლახან გამოაცხადა 1.1 მილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა კოვიდ-19-თან საქართველოს მხარდასაჭერად. ეს ხელს შეუწყობს ინფექციის კონტროლსა და პრევენციას, ასევე ვირუსით დაინფიცირების შემთხვევათა იდენტიფიცირებას. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია ტექნიკური დახმარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს რეაგირებისა და ეპიდემიის კონტროლის შესაძლებლობის გაუმჯობესებას.
საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც. საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 დოლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას. ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია.
ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია კოვიდ-19-ს დადგენა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.