ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობის გადამოწმება აუცილებელი არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ ტესტის გაკეთება შეუძლიათ. ამაზე ბუწაშვილმა გადაცემაში დილა ფორმულაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინირებულმა და კოვიდგადატანილმა პირებმა ანტისხეულების სხვადასხვა ტესტი გაიკეთონ.
"პირველ რიგში, ვაქცინირებულებმა და კოვიდ გადატანილებმა სხვადასხვა ტესტი უნდა გაიკეთონ. ტესტის გაკეთების დროს ლაბორატორია აუცილებლად უნდა ჩააყენონ საქმის კურსში, რატომ სურთ ტესტის გაკეთება, რადგან როდესაც ადამიანი ბუნებრივად გადაიტანს ვირუსს, მას სხვა ტიპის ანტისხეულები აქვს. ზოგჯერ დაბნეულობაა ხოლმე, ვაქცინირებულებს უარყოფითი აქვთ ტესტის პასუხი და აღმოჩნდება, რომ ის ტესტი არ აქვთ გაკეთებული, რომელიც საჭირო იყო. პირველ რიგში ესაა აუცილებელი", - თქვა ბუწაშვილმა.
ბუწაშვილის თქმით, ვაქცინაცია და ანტისხეულების რაოდენობა ორგანიზმში არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ვირუსი აღარ შეხვდება. მისივე განმარტებით, ვაქცინაციის ამოცანა ვირუსის მსუბუქად მიმდინარეობაა.
ამასშთან, როგორც ბუწაშვილმა აღნიშნა, ყველა ადამიანის იმუნური სისტემა განსხვავებულია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პირებს, რომლებმაც ვირუსი მძიმედ გადაიტანეს, უფრო მეტი ანტისხეული აქვთ, ვიდრე მსუბუქ ან უსიმპტომო პაციენტებს.
"ყველა ადამიანის იმუნური სისტემა განსხვავდება ერთმანეთისგან და პასუხი როგორც ინფექციებზე, ისე ვაქცინებზე არის განსხვავებული. ბუნებრივი იმუნიტეტის შემთხვევაში, ანუ ვინც გადაიტანს კოვიდს პროპორციულია დაავადების სიმძიმესთან. რაც უფრო მძიმედ გადააქვს ადამიანს კოვიდი, მით უფრო მაღალი აქვს ანტისხეულები და უფრო მეტს ხანს მიყვება, ვიდრე უსიმპტომოებს და მსუბუქ პაციენტებს", - თქვა ბუწაშვილმა.