logo
ENG



აჭარის ტელევიზიის ბორდის სხდომაზე, ქართული ოცნების მხარდამჭერები შეიჭრნენ

19 თებ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის ტელევიზია პირდაპირი გაგებით აიღო - ბორდის სხდომაზე, რომელზეც ჟურნალისტებს სიტყვის უფლება არ მიეცათ, მმართველი პარტიის მხარდამჭერები შეიჭრნენ. მათ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ აჭარის მთავრობისთვის მადლიერების გამოსახატად ტრიბუნა არ ეძლევათ. სახალხო დამცველის ჩარევის მიუხედავად, არხის მენეჯმენტმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაუქმდა თანამშრომლების პოსტები, მათ შორის აღმოჩნდნენ ისინიც, ვინც პოლიტიკურ გადაცემებს და კრიტიკულ ახალ ამბებს ქმნიან.  

ჟურნალისტებს მრჩეველთა საბჭომ არ მოუსმინა. სიტყვის თქმის უფლება არც აჭარის ტელევიზიის პროფკავშირის თავმჯდომარეს მისცეს. ბორდის სხდომის დაწყებისთანავე არხის თანამშრომლები დღის წესრიგიდან საშტატო ცვლილების საკითხის მოხსნა მოითხოვეს, რასაც კამათი და ხმაური მოჰყვა

ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა როდესაც შენობაში უცხო პირები შევიდნენ და ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ.

სხდომაზე შეჭრას ცდილობდნენ შენობის გარეთ დარჩენილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები ღია ეთერს ითხოვდნენ, იმისთვის რომ აჭარის მთავრობის მეთაურისთვის მადლობა გადაეხადათ.

ხმაურიან სხდომაზე საგანგებოდ ჩავიდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიამ მიმდინარე პროცესები სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად შეაფასა და წინასწარ გააფრთხილა მრჩეველთა საბჭო, რომ მიმდინარე პროცესები საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრში მოექცევა.

სახალხო დამცველის რჩევის მიუხედავად ბორდის წევრებმა დეპარტამენტების უფროსების მოადგილეების პოსტები გააუქმეს, მათ შორის აღმოჩნდნენ ისინიც ვინც პოლიტიკურ გადაცემებს და კრიტიკულ ახალ ამბებს ქმნიდნენ. გიორგი კოხრეიძის მოთხოვნას - ბორდის მხოლოდ იმ წევრებმა დაუჭირეს მხარი - ვინც ბორდში „ქართული ოცნების“ კვოტით იმყოფება.

ახალი დირექტორი ბორდს რამდენიმე საათის განმავლობაში არწმუნებდა, რომ სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები სამსახურებს შეინარჩუნებენ.

დირექტორმა ვერ დააკონკრეტა რა ფორმით აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას საინფორმაციო სამსახურის გუნდთან და დრო ორშაბათამდე ითხოვა. სხდომა პასუხების გარეშე დატოვა და ტელეკომპანიის თანამშრომლებს უთხრა, რომ დეტალები კონტრაქტებში გაიწერება, რომელიც ჯერ მზად არ აქვს.


close დახურვა