logo
ENG



აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები: დირექტორს ვთხოვთ, შეწყვიტოს ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი

04 დეკ 201914:21
3 წუთის საკითხავი
 
dat1874iy9xgn13.jpg

"მე ვარ ჟურნალისტი, არა მსახიობი. ვმუშაობ საზოგადოებისთვის და არა დირექტორისთვის. იკითხე ჩვენი სტატიები და არა მიმოწერა", - ამ და სხვა ლოზუნგებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობასთან აქცია გაიმართა. ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას აპროტესტებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ისინი აღწერენ, თუ რას ითხოვს მაუწყებლის ახალი დირექტორი და რატომ არის კოხრეიძის მოთხოვნები მიუღებელი თანამშრომლებისთვის.

"ბატონ დირექტორს ვთხოვთ, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია. ასევე ვთხოვთ იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ მრჩევლებს, გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე",- აღნიშნა ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ. 

აქციის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ კოხრეიძის ქმედებები ეწინააღმდეგება  მედიაში არსებულ სტანდარტებს.

"მისი ტონი და პასუხები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ კონსტრუქციულად გავაგრძელოთ მუშაობა და შევქმნათ სამუშაო გარემო, რომელიც არ დააზიანებს საზოგადოებრივ მაუწყებელს",-აცხადებს ბაჩო გურაბანიძე.

ჟურნალისტების შეფასებით არსებული მძიმე ვითარება მხოლოდ გიორგი კოხრეიძეს არ უკავშირდება და ამ შემთხვევაში საუბარია მთლიან სარედაქციო პოლიტიაზე, რომელიც საფრთხის წინაშეა. 

"იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი ჩვენში დაინახავს მტერს, ასე არ გამოვა. აქ ჩვენ ერთი ვიღაცის წინააღმდეგ არ დავდეგით. არამედ, დავდეგით რაღაცის წინააღმდეგ და ესაა სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც არ უნდა დავკარგოთ",-ამბობს მარი ბოლქვაძე.

 

 


close დახურვა