აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო - ხელისუფლების წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის კრიტიკამ გააღიზიანა.
მმართველი გუნდის წევრები ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებამ გააღიზიანა. მან ხელისუფლება ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ასევე, მისი მტკიცებით, ოპოზიციის მტკიცებით ივანიშვილის გუნდის პრიორიტეტი საკუთარი ხელფასების ზრდა და არა სოციალურად დაუცველთა საჭიროებების გათვალისწინება. სიტყვიერ დაპირისპირებას კი ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
"ბიუჯეტზე რომ ლაპარაკობთ გაიზარდაო, იმ ხალხს რა მოახმარეთ, საკუთარ ხელფასებს რომ იზრდით მხოლოდ - ეს მათ საერთოდ არ აინტერესებთ", - თქვა ბაგრატიონმა.
კადრებში ჩანს, რომ განსაკუთრებით აქტიურობდა ქართული ოცნების წევრი, დავით ბაციკაძე, რომელმაც ნაც მოძრაობის წარმომადგენელ, ლევან ანთაძეს არაერთხელ დაარტყა.
მანდატურის სამსახურმა ჩხუბში ჩართული პირები მხოლოდ მაშინ განარიდა, როცა დაპირისპირება თითქმის დასრულებული იყო.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც აჭარის საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტში ცვლილებები მაინც დაამტკიცა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები დარბაზში აღარ დაბრუნებულან.
"იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც მოსახლეობაში არსებობს ოცნებას პასუხია არ გააჩინა. როგორც ყოველთვის გადადიან ძალადობაზე და როგორც ყოველთვის ამ ძალადობას მოჰყვა პასუხი. ცხადია მოვუწოდებთ თითოეულს, რომ თავი შეიკავონ, რადგან ამას პასუხი მოჰყვება - არც ერთ მოქალაქეს არ დავაჩაგვრინებთ", - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა ჟურნალისტებთან.