განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის სამინისტროდან მათ უწყებაში გადადის. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ განათლების სამინისტროს პროგრამები "ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც" მოიცავს.
"სხდომაზე მსჯელობისას იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩვენი პროგრამების ფარგლებში ისედაც გვაქვს კომპონენტები, სადაც, ზოგადად, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოვიცავთ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის და განათლების სიახლოვის შედეგად, ამ სააგენტოს განხორციელება და მისი მოქმედება გაგრძელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში", - განაცხადა მან.
ამილახვარის განცხადებით, კანონპროექტთა სია პარლამენტს წარედგინება და უკვე მომდევნო წლიდან, ახალგაზრდობის სააგენტოს დამატების შემდეგ, ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო სახელწოდებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.