logo
ENG



ახალი/გირჩი-დროა საბჭოში კანდიდატის შეჩერებაზე: კლანმა მიითვისა პრეზიდენტის უფლებამოსილება

23 ივლ 202412:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/23/4rlyfwtj0kyai50.png

კოალიცია ცვლილებისთვის (ახალი, დროა-გირჩი) განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრის დანიშვის თაობაზე კონსტიტუციის დარღვევით შეაჩერა.

კოალიცია მიუთითებს, რომ ამით სასამართლო კლანმა ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია.

"ამ გადაწყვეტილებით სასამართლო კლანმა დაარღვია ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებამოსილება. მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებლად შესასრულებელი 9 დათქმა ითვალისწინებს სასამართლოს ყოვლისმომცველ რეფორმას, ქართული ოცნება მორიგ ჯერზე მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებით დგამს ჩვენი ისტორიული არჩევანისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაციით შემუშავებული ქართული ქარტია ითვალისწინებს სასამართლო სისტემის, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორმას. როგორც აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმომწერები, ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დავრჩებით შეთანხმების ერთგულები, შევცვლით ამ მანკიერ სისტემას და სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გავათავისუფლებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

***

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება შეაჩერა.

საქალაქო სასამართლოს განცხადების თანახმად, საქალაქო სასამართლომ 22 ივლისის განჩინებით დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. 

ამასთან, განცხადებიდან ირკვევა, რომ საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა (მოსარჩელის გარდა).

15 ივლისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, კახა წიქარიშვილი დანიშნა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება. სწორედ ამიტომ ახალი კანდიდატის შერჩევა გახდა საჭირო.

ამ მიზნით პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა სპეციალური შესარჩევი კომისია, რომელმაც კანდიდატებთან გასაუბრებები გამართა.

კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კაკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი. გასაუბრებების შემდეგ, კომისიამ განცხადებით მიმართა პრეზიდენტს რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს.

 

close დახურვა