logo
ENG



ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის თქმით, მის სიცოცხლეს ციხეში საფრთხე ემუქრება

11 აგვ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 11 აგვისტოს ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული. 27 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პატიმრობაში რჩება. მისი ოჯახის წევრები სამართალდამცველებმა გადამალეს, თავად კი ამბობს, რომ მის სიცოცხლეს გისოსებს მიღმა საფრთხე ემუქრება. ბრალდებული პირადი უსაფრთხოების დაცვისთვის პატიმრობაში დარჩენას თავად ითხოვდა, თუმცა მკვლელობას არ აღიარებს. 

ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არტურ გაბრიელიანის ოჯახის წევრები ფორმულას გადამღებ ჯგუფს სახლში არ დახვდნენ. ფორმულას ინფორმაციით, გარდაცვლილის ახლობლების მხრიდან განმეორებითი შურისძიების საშიშროების გამო, ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. სად იმყოფებიან გაბრიელიანები, ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ახმაურებს.

დღეს მედიასთან საუბარი არ ისურვეს 8 აგვისტოს ახალქალაქში მომხდარი ხალხმრავალი დაპირისპირების შედეგად დაზარალებულებმა. მოქალაქეები, რომლებიც გასული დღეების განმავლობაში მომხდარზე ღიად საუბრობდნენ, დღეს დუმილს ამჯობინებენ. შეტყობინებები მათ პოლიციისგან მიიღეს. დაზარალებულებს პოლიციამ ურჩია, თავიანთი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მედიასთან აღარ იკონტაქტონ. 

8 აგვისტოს ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რომელშიც 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობისა და სხვისი ქონების დაზიანების ამ დრომდე არავინ დაუკავებია. ვახტანგ გომელაურის უწყება უკვე მეოთხე დღეა ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და პოლიცია ახალქალაქს სრულად აკონტროლებს.


close დახურვა