ახალციხის სოფელ ურაველში 41 ადამიანი კორონავირუსით ქელეხში დაინფიცირდა.
ინფიცირებულებს შორის ორსული ქალები და ბავშვებიც არიან.
5 მათგანი, მდგომარეობის სირთულის გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
"იყო ქელეხი. 84 წლის ქალს პატივი ვეცით, გავასვენეთ, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. 9 აგვისტოდან დაიწყო ქელეხის კლასტერი. 9 აგვისტოდან დღემდე დასნებოვნდა 19 ოჯახის 41 წევრი. ინფიცირებულია 1 წლამდე 1 ბავშვი. ის გადაყვანილია სტაციონარში. 2 ორსულიც გადაყვანილია სტაციონარში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია". - ამბობს ჯულიეტა კაპანაძე, სოფელ ურაველის კლინიკის ექიმი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 74 ადამიანი კი გარდაიცვალა.
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 6 723 ადამიანი ემსხვერპლა.
ასევე, NCDC-ის ცნობით, 20 აგვისტოს კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა 28 555 ადამიანი.
აცრა იცავს სიკვდილისგან. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის არავინ ყოფილა 2 დოზით აცრილი
ამჟამად საქართველოში 4 დასახელების ვაქცინაა ხელმისაწვდომი. აცრის გასაკეთებლად შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია, ასევე, გახსნილია 8 პუნქტი, სადაც აცრა დაურეგისტრირებლად არის შესაძლებელი.