logo
ENG



ახვლედიანი: ამნისტია უნდა გადაწყდეს ისე, არავინ იფიქროს, რომ მელიას მიაყოლეს, ვინც დააშავა

27 აპრ 202115:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/27/mjbko81ow63xsau.png

ევროპული საქართველოს სიით პარლამენტში გასული დეპუტატი არმაზ ავლედიანი ამბობს, რომ ამნისტიის თემა ისე უნდა გადაწყდეს, არავინ იფიქროს, "ნიკა მელიას მიაყოლეს ის, ვინც 20 ივნისის ღამეს მწარედ დააშავა".

როგორც მან ფორმულას გადაცემა კომენტარში განაცხადა, ოპოზიცია პარლამენტში იმისთვის შევიდა, რომ დარწმუნდეს, ქართული ოცნება პირობას შეასრულებს.

"მე მაქვს მოლოდინი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ქართული ოცნება ზურგს არ აქცევს, ეს არის მისთვის, ფაქტობრივად, პირველი მნიშვნელოვანი გამოცდა. დღეს ჩემი შემოსვლა უკავშირდება იმას, რომ დავრწმუნდე, ოცნება ამ გამოცდას როგორ აბარებს. პირობა უნდა შესრულდეს. თამაშს არავინ აპირებს და რაც მთავარია, არავინ არავის არ აპატიებს", - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა განხორციელდეს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამნისტიის თემა არის მიშელის დოკუმენტის შემადმგენელი ნაწილი, ის ჰაერიდან არ ჩამოსულა. მოგწონს თუ არა, უნდა განვახორციელოთ, თუ სხვა რამეზე არ შევთანხმდებით სამივე მხარე. მთავარია, ამნისტიის თემა გადაწყდეს ისე, რომ არავინ იფიქროს, მელიას მიაყოლეს ისინი, ვინც მწარედ დააშავა იმ საღამოს, ესაა ყველაზე მთავარი და ჩვენ ვართ ამის დასაცავად აქ. თუ ასე მოხდება და ქართული ოცნება მიშელის დოკუმენტს ასე გადაახევს თავზე არამარტო ოპოზიციას, არამედ საზოგადოებას, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა იქნება სწორედ მასზე აქედან გამომდინარე ყველა მძიმე შედეგით", - განაცხადა ახვლედიანმა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი დეპუტატების ნაწილი დღეს, 27 აპრილს პარლამენტში შევიდნენ. დოკუმენტი რამდენიმე პუნქტს შეიცავს, ერთერთი კი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება. აქტივისტები ამ პუნქტს აპროტესტებენ და ოპოზიციას მოუწოდებენ, არ მოაწერონ ხელი კანონპროექტს, თუ ის დამნაშავე პოლიციელებსაც შეეხება. 


close დახურვა