logo
ENG



ახლა ვირთხები გვჭამენ, ზაფხულში გველები - 7 ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

07 დეკ 201919:41
3 წუთის საკითხავი
 
hsmn4cicj0j99cl.jpg

7 ოჯახს 21 არასრულწლოვანთან ერთად უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება. 2 წლის წინ რუსთავის ავტობანთან მდებარე ყოფილი სათბურის დანგრეულ შენობებში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ოჯახები დასახლდნენ. ქვეწარმავლებთან ერთად მათ საცხოვრებელ პირობებს ღია ფანჯრები, ჭერიდან ჩამოსული წყალი და დანგრეული კედლებიც ამძიმებს.

მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარების სახით მიღებული 200 ლარია, რომელიც მედიკამენტების შესაძენადაც არ ყოფნით. ნაწილი ხელისუფლებას მხოლოდ საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას სთხოვს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით მიმართვას აზრი არ აქვს. 

სხვა ოჯახების მსგავსად, სახელმწიფოს იმედი არ აქვს ჭიათურიდან ჩამოსულ მრავალშვილიან დედას. თამარ აბესაძე 6 შვილს მარტო ზრდის, მეუღლემ კი არსებული მძიმე პირობების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   

ამ დრომდე გაურკვეველია რა დროის გატარება მოუწევს 7 ოჯახს თითქმის დანგრეულ შენობებში. როგორც თავად აცხადებენ, მათთან რუსთავის მერიის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და განუცხადეს, რომ ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რის გამოც უახლოეს მომავალში დანგრეული შენობის დაცლა მოუწევთ. აღნიშნულ ფაქტს რუსთავის მერიაში არ ადასტურებენ. ეკონომიკის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მიმდინარეობს ამ ინფორმაციის მოკვლევა.

 

 


close დახურვა