„ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი ჩვენს მოსახლეობას დასცინის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აჰმედ იმამყულივმა მარნეულის სოფელ შულავერთან განაცხადა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
მან რეხვიაშვილს უპასუხა, რომელმაც აქციას პოლიტიკური უწოდა და აღნიშნა, რომ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
„მე შემიძლია გაჩვენოთ, ვინც „ქართული ოცნების“ მომხრეა, აქ არიან შეკრებილები, რადგან მოსახლეობას აწუხებს ის პრობლემა, რომელიც დღეს არსებობს. ის კი არ აწუხებთ, რომ წინა არჩევნებია, დღეს არის კონკრეტული პრობლემა, ეს არის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მოსავალი, რომელიც უნდა გაიყიდოს. გუბერნატორი მოდის და ამდენ ხალხს ადანაშაულებს, სირცხვილია ეს. ბატონ გახარიას უნდა ჰყავდეს ზუსტად ესეთი გუბერნატორი, რადგან გახარიამ არ იცის ჩვენი კონსტიტუციის შინაარსი“, - განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.
შეგახსენებთ, მარნეულის რამდენიმე სოფელში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სოფელ იმირის კასუმლოს და აღმამედლოს მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას სთხოვს. რამდენიმე ადგილობრივმა პროტესტის ნიშნად აქციაზე პროდუქტი მიიტანა და გაანადგურა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ბანკებიდან სესხები აქვთ აღებული და იმის გამო, რომ პროდუქტს ვერ ყიდიან, გადახდას ვერ ახერხებენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას და მათთან შეხვედრას ითხოვენ.