logo
ENG



ბადრი ესებუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

05 აპრ 202316:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/05/wapmh2dauyp2f3m.png

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა.

ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალი 9 თებერვალს წარუდგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ესებუას დაკავებისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოჩნდა.

ორწლიანი ძებნის შემდეგ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს

ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში გამთენიას აიყვანეს, როცა სავარაუდოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი - ბადრი ესებუა შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს.

ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა.

4 დეკემბერს ის ძებნილად გამოცხადდა.


close დახურვა