ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი დასრულდა. შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო, თუმცა, განსხვავებები რჩება.
ჯაფარიძეს კონკრეტულ დეტალებზე არ ულაპარაკია.
"განსხვავებები რჩება, მაგრამ სასარგებლო შეხვედრა იყო. ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება იმაზე, თუ რა შიგნით, ეს გამოვიტანოთ გარეთ. ამიტომ, კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ, უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, დეტალებზე ვერ ვისაუბროთ".
ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.
4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.
ქართული ოცნების დეტალური პოზიცია ოპოზიციის შეთავაზების თაობაზე საჯაროდ ცნობილი არაა. მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება.
თუმცა, დღეს შეხვედრის დაწყებამდე პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან კომპრომისის შანსი არსებობს.
რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.