ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის პარალელურად, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი მონაცემებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში, სულ მცირე, 484 ბავშვი დაიღუპა, 992 კი დაშავდა.
გენერალური პროკურორის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს არის საბოლოო მონაცემები და გრძელდება სამუშაოები საომარი მოქმედებების ადგილზე, ასევე დროებით ოკუპირებულ და რუსეთისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, გენერალური პროკურორის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ომის შედეგად დაზიანდა 2 500-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 256 სრულად არის განადგურებული.
გენერალური პროკურორის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ომის დაწყების შემდეგ 19 500-ზე მეტი ბავშვი იქნა იძულებით გადაყვანილი რუსეთში ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუმცა აქვე გენერალურმა პროკურორმა დასძინა, რომ ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რაც კონკრეტულად არის რეგისტრირებული და შესაძლოა, დეპორტირებულ ბავშვთა რიცხვი უფრო მაღალი იყოს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ Twitter-ზე დაპოსტა და თქვა, რომ "მაშინ, როცა ბავშვებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო ბავშვობა, დღეს საუბარია რუსეთის ახალ დანაშაულებზე უკრაინელი ბავშვების მიმართ".
"ბავშვთა დღე უნდა იყოს უსაფრთხო ბავშვობაზე, ზაფხულზე, ცხოვრებაზე... მაგრამ, დღეს საუბარია [რუსეთის ფედერაციის] ახალ დანაშაულებზე უკრაინელი ბავშვების მიმართ. 9 წლის გოგონა ემსხვერპლა დღეს კიევის დაბომბვას, მეორე კი ახლა საავადმყოფოშია", - წერს ზელენსკა Twitter-ზე.
Children's Day has to be about safe childhood, summer, life... But today it is about new crimes of RF against children. A 9-year-old girl was killed in the shelling of Kyiv, and another is now in the hospital. It is a pain for all of us, our thoughts are with their families.