ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დღეიდან განაახლებს. მომხმარებლები სერვისებს კვლავ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მიიღებენ, რაც პორტალ MY.GOV.GE-ზე იქნება შესაძლებელი.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნისა, მომხმარებელს, კოვიდინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნების მკაცრად დაცვა მოუწევს. მომხმარებელი მომსახურების სივრცეში თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, მხოლოდ პირბადით დაიშვება, რომელიც შენობის დატოვებამდე წესების დაცვით უნდა ჰქონდეს სახეზე მორგებული.
პრევენციის მიზნით, კვლავ შეზღუდული იქნება მომსახურების დარბაზში მცირეწლოვანი ბავშვებით და იმ თანმხლები პირებით შესვლა, რომლებიც არ წარმოადგენენ ამა თუ იმ სერვისის მონაწილე მხარეებს.
წინასწარი დაჯავშნის გარეშე, მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის მიღება იქნება შესაძლებელი.
"დღეისთვის იუსტიციის სახლის შენობა სრულად დეზინფიცირებულია. მომსახურების დარბაზები, მაგიდებისა და სხვა ავეჯის ზედაპირები, ასევე შენობის 17-ვე სართულზე არსებული სამუშაო ფართები, სრულად დამუშავებულია სპეციალური ხსნარებით.
ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას, კოვიდინფექციაზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა. შედეგად, 7-9 სექტემბრის შუალედში გამოვლენილი 3 შემთხვევის გარდა, ინფიცირების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 14 სექტემბრიდან, სამუშაოს მხოლოდ ის ოპერატორები დაუბრუნდებიან, ვისთანაც ტესტირების შედეგები ორივე ჯერზე უარყოფითი იყო", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
შეგახსენებთ, ბათუმის იუსტიციის სახლი მას შემდეგ დაიხურა, რაც ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.