ბათუმის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, სადაც დღეს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავენ, დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული. საკრებულოს სხდომა 11:00 საათიზეა დანიშნული.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, დღეს ქართული ოცნება ვადაგასულ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებინებს, რაც მათივე თქმით, არალეგიტიმურია.
ამასთან დაკავშირებით, დღეს უმაღლესი საბჭოს შენობაში დაპირისპირება მოხდა არჩეულ მერ არჩილ ჩიქოვანსა და უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის.
"ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ლეგიტიმური ძალა, რომ ეს უსამართლობა და უკანონობა, რომელიც არის ბათუმელი ამომრჩევლის პირდაპირ შეურაცხყოფა, არ გავატანინოთ ვადაგასულ საკრებულოს. ჩვენი პროტესტი იქნება მწვავე, მაგრამ ეს არ იქნება ძალადობრივი", - ამბობს ენმ-ს წევრი, მირდატ ქამადაძე.
ბიუჯეტის დამტკიცებას ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინაც აპროტესტებდნენ. ხმაური იყო ბიუროს სხდომაზეც. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციისა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ბიუროს დაწყებისას ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს სურთ, 2022 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველი შემადგენლობით დაამტკიცონ, თუმცა ოპოზიცია მოითხოვდა, რომ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგიდან უნდა ამოიღონ.
2021 წლის არჩევნების შედეგად, ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა 7 მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაკარგა: წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის.