აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ-ში, ისინი, ვინც აცრილი არიან და გაკეთებული აქვთ ბუსტერ დოზა, სიკვდილისა და ავადმყოფობისგან დაცულები არიან, ხოლო აუცრელები სიკვდილის საფრთხის წინაშე დგანან. CNN-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა პანდემიის შესახებ თეთრ სახლში ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა.
"არავაქცინირებულთათვის, ჩვენ ზამთარში მძიმედ ავადობას და სიკვდილს მოველით, ასევე, მათი ოჯახებისთვის, რომლებიც მალე საავადმყოფოებს გადატვირთავენ. მაგრამ კარგი ამბავია ის, რომ თუ ხართ ვაქცინირებული და მიღებული გაქვთ ბუსტერ დოზაც, თქვენ დაცული ხართ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან" - მიმართა ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს CNN-ის ცნობით.
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ომიკრონის შტამზე, მათი თქმით, ქვეყანა უნდა მოემზადოს ნებისმიერი სცენარისთვის, თუნდაც ომიკრონის შტამი ნაკლებად მძიმე აღმოჩნდეს.
ჯო ბაიდენის თქმით, ომიკრონის შტამი უკვე ვრცელდება და მოსალოდნელია რომ გავრცელება გაიზრდება.
კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული.
ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.