აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის გამოცხადება დააანონსა.
"რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი ბოროტი ქცევებისთვის, ფასი უნდა გადაიხადოს და ჩვენ მიმდინარე კვირას დამატებით სანქციებს გამოვაცხადებთ. ყველა ვინც პასუხისმგებელია ამ ომზე, ისინი პასუხს აგებენ კაცობრიობის წინაშე სამხედრო დანაშაულებისთვის", - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეირყევა, არ გაიყოფა NATO და არ დაიღლებიან მოკავშირეები [უკრაინის დახმარებით]".
"უკრაინელი ხალხი ძალიან მამაცია. აშშ, ევროპა, ქვეყნების კოალიცია ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე - ჩვენ ძალიან ერთიანი ვიყავით. დემოკრატია იყო ძალიან ძლიერი. გამარჯვების ნაცვლად, რასაც პუტინი ელოდა, მან მიიღო დამწვარი ტანკები და მას შერჩა არეულ-დარეული რუსული ჯარები", - თქვა ბაიდენმა.