logo
ENG



ბაიდენი: ნავალნი თუ მოკვდება, ამას რუსეთისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება

16 ივნ 202121:47
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენი: ნავალნი თუ მოკვდება, ამას რუსეთისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, თუკი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოკვდება, ამას რუსეთისთვის "სავალალო შედეგები" მოყვება.

ჟენევაში აშშ-რუსეთის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა მოხდებოდა, თუკი ნავალნი ციხეში მოკვდებოდა.

"მე მას გავაგებინე, რომ შედეგები იქნება სავალალო რუსეთისთვის", - თქვა მან და დაამატა: "როგორ ფიქრობთ, რა ხდება, როდესაც ამბობენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, საუბრობენ მის მკურნალობაზე და შემდეგ ის ციხეში კვდება?"

ჟენევაში გამართული სამიტის შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის შემდეგ გამართა პრესკონფერენცია.

მანამდე, ცალკე გამართულ ბრიფინგზე, პუტინის აღნიშვნით, მისმა ოპონენტმა ნავალნიმ იცოდა, რომ რუსულ კანონს არღვევდა და განზრახ დააკავებინა თავი. 

"ძალიან კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად დაბრუნდა რუსეთში. მას განზრახ სურდა, რომ დაეკავებინათ" - თქვა მან. "ის ქნა, რაც უნდოდა, რომ ექნა" - დაამატა პუტინმა.

  • ვრცლად პუტინის განცხადებებზე წაიკითხეთ აქ.

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა 2 თებერვალს მიუსაჯა. რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება". 

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს.  

მანამდე ის ბერლინში იყო, სადაც 5 თვით ადრე, ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ, სამკურნალოდ გადაიყვანეს. 

პატიმრობის მისჯის შემდეგ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოუწოდეს კრემლს ნავალნის გათავისუფლებისკენ, თუმცა უშედეგოდ. მარტში, აშშ-მა და ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუს ბიზნესმენებსა და თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესეს

 


close დახურვა