logo
ENG



ბაიდენის თქმით, აშშ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზის დადგენას ცდილობს

26 აგვ 202311:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/26/ebr7mtuov3agwu1.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დადგენას ცდილობს - ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"მე არ შემიძლია, ამაზე დაზუსტებით საუბარი... ვცდილობთ ზუსტად დავადგინოთ, მაგრამ არაფერი მაქვს სათქმელი", - განაცხადა მან.

ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ბაიდენმა კომენტარი იმავე დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ ცნობებით გაკვირვებული არ იყო. მან მომხდარში პუტინის შესაძლო მონაწილეობაც მიუთითა, თუმცა აქვე დაამატა, რომ პასუხისთვის საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.

"რუსეთში არც ისე ბევრი რამ ხდება, რომლის უკანაც პუტინი არ დგას, თუმცა პასუხისთვის საკმარისი არ ვიცი", - თქვა ბაიდენმა.

23 აგვისტოს ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.


close დახურვა