უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით ევროპაში ამერიკული ჯარების წარმომადგენლობა გაიზრდება. ამის შესახებ მან მადრიდში განაცხადა, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.
სამიტზე გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ძალები გაძლიერდება ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში, რადგანაც რუსეთის პრეზიდენტმა "მშვიდობა დაარღვია".
ბაიდენის თქმით, აშშ მეხუთე არმიის კორპუსის მუდმივ შტაბ-ბინას შექმნის პოლონეთში, შეინარჩუნებს 3000 ჯარისკაცისგან შემდგარ დამატებით როტაციულ ბრიგადას რუმინეთში, გააძლიერებს როტაციულ განლაგებას ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გაგზავნის დამატებით ორ F-35 გამანადგურებელ ესკადრონს გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო გერმანიასა და იტალიაში დამატებით განალაგებს საჰაერო თავდაცვისა და სხვა საშუალებებს.
"ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვაპირებთ დავრწმუნდეთ, რომ NATO მზად იყოს, წინააღმდეგობა გაუწიოს ყველა საფრთხეს ყველა სფეროში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში", - აღნიშნა ბაიდენმა.