პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომეხი ხალხის მასობრივი მკვლელობიდან 106 წლის შემდეგ ამ მოვლენას ორჯერ უწოდა გენოციდი - ასეთი რამ რონალდ რეიგანის შემდეგ არავის გაუკეთებია, NATO-ს წევრის და მოკავშირის, თურქეთის შიშის გამო.
პასუხად თურქეთმა აშშ-ის ელჩი თურქეთში, დევიდ სატერფილდი გამოიძახა და თქვა, რომ ის უარყოფს ბაიდენის მიერ 1915 წლის მოვლენების ამგვარ დახასიათებას.
"ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც დაიღუპა 106 წლის წინ ამ დღეს დაწყებულ გენოციდში". - თქვა ჯო ბაიდენმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა დღეს მიეძღვნა.
"ერთნახევარი მილიონი სომეხი გადაასახლეს, ხოცვა-ჟლეტა მოუწყვეს, გაანადგურეს. ჩვენ გვაცხოვს ისინი, ვინც დაიღუპა ოსმალეთის ხანის გენოციდის დროს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკუთარ თავებს, ავიცილოთ ასეთი სისასტიკე". - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩაიშოღლუმ პასუხად თქვა, რომ "აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ბათილი და ძალადაკარგულია საერთაშორისო სამართლის კანონების მიხედვით და მხოლოდ ჭრილობები გამოიწვია, რომელთა მოშუშებაც რთულია".
ჯო ბაიდენმა თავისი განცხადებით შეასრულა 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს გაცემული პირობა, თუმცა, ამასთან, ქმნის რისკს, რომ თურქეთი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს.
თურქეთმა უარყო, რომ ოსმალეთის იმპერიამ დანაშაულები ჩაიდინა, ამასთან, ბრალდებებს ცილისწამება უწოდა და თქვა, რომ ბაიდენის განცხადება უფრო მეტად საშინაო პოლიტიკას ეხებოდა.
ჩავიშოღლუს თქმით, მის ქვეყანას სხვა ქვეყნისგან თავისი წარსულის შესახებ არაფერი ესწავლება.
განცხადების გამოქვეყნებამდე, პარასკევს, ჯო ბაიდენი ტელეფონით ელაპარაკა რეჯეფ თაიფ ერდოთანს და არსებული ინფორმაციით, მასთანაც გამოიყენა სიტყვა გენოციდი.
თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 1%-ით გაუფასურდა.
თურქეთის სახელმწიფოს წარმომადგენლების შეფასებით, მომხდარმა შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობა.
თურქეთი აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი იყო, ვინაიდან წარმოადგენდა ხიდს მასა და ისლამურ სამყაროს, ასევე რუსულ ამბიციებს შორის.
თუმცა, უთანხმოების მრავალი მიზეზიც არსებობდა და მათი რაოდენობა იზრდება, რამაც თურქეთის ლიდერს უბიძგა მოსკოვთან უფრო ახლო ურთიერთობისთვის. მიზეზებს შორის არის ერდოღანის სიმკაცრე პოლიტიკური ოპონენტებისა და პრესის წინააღმდეგ.
მას შემდეგ, რაც თურქეთმა საზენიტო რაკეტების რუსეთიდან შესყიდვა დაიწყო, აშშ-მ თურქეთს სანქციები დაუწესა და შეწყვიტა Lockheed Martin Corp-ის საბრძოლო პროგრამა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ნატოს მოკავშირისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკვე რამდენიმე ათწლეულია, აღიარებს სომეხთა გენოციდს, მოსკოვს მაინც სურს, ნატოს წევრებს შორის შუღლი გამწვავდეს.
რუსეთის სამთავრობო მედია TASS-ის განცხადებით, "ბაიდენის ადმინისტრაცია ცხადად მიუთითებს, რომ არ მოიაზრებს ერდოღანს პარტნიორად და იმ პოლიტიკოსად, ვიზეც ფსონის დადება ღირს. და ურთიერთობას ძალის პოზიციიდან დაამყარებს".
ბარაკ ობამა პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში 1915 წლის მოვლენებს უწოდებდა "მე-20 საუკუნის პირველ მასობრივ სისხლისღვრას, როცა 1,5 მილიონი სომეხი გადაასახლეს, ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს და გაანადგურეს ოსმალეთის იმპერიის ბოლო დღეებში". ობამას არ გამოუყენებია სიტყვა გენოციდი, იყენებდა ტერმინს "სომეხთა ხსოვნის დღე".
სიტყვა გენოციდი საერთაშორისო სამართალში განმარტებულია, როგორც "რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური მოტივებით მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ფიზიკური მოსპობა ან ცხოვრების ისეთ პირობებში ჩაყენება, რაც მათ მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებას იწვევს".