აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 858 მილიარდი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტს 2023 ფისკალური წლისთვის. ეს გასული წლის თავდაცვის ბიუჯეტზე თითქმის 80 მილიარდით მეტია.
აღნიშნული თანხიდან 800 მილიონი უკრაინის დახმარებისთვის გამოიყოფა, 6 მილიარდი კი აშშ ევროპაში რუსეთის შეკავებისთვის გამოიყენებს. 10 მილიარდს კი ვაშინგტონი ტაივანის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფს.
დოკუმენტი ითვალისწინებს ახალი სტრატეგიული ბომბდამშენების B-21-ის მშენებლობის პროგრამის დაფინანსებას, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ. ამასთან, არმიას დამატებით 36 ერთეული F-35-ის შესყიდვის უფლება ექნება. 32 მილიარდი ახალი გემების მშენებლობისთვის გამოიყოფა.