აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2024 წლის არჩევნებში ხელმეორედ იყრის კენჭს და აღნიშნა, რომ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მეტი ბრძოლაა საჭირო.
"ყველა თაობას აქვს მომენტი, როცა მათ დემოკრატიისთვის, ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის ბრძოლა უწევთ. მჯერა, რომ ეს ჩვენი მომენტია. ამიტომაც აშშ-ის პრეზიდენტობაზე ხელახლა ვიყრი კენჭს. შემოგვიერთდით, მოდით, დავასრულოთ ეს საქმე", - განაცხადა მან.
ამასთან, ვიდეომიმართვაში ბაიდენმა ისაუბრა, რომ საჭიროა მეტი დრო "ამერიკის სულის" აღსადგენად და გაიხსენა 4 წლის წინ მისი მიმართვა.
"4 წლის წინ, როცა პრეზიდენტობისთვის ვიყარე კენჭი, ვთქვი, რომ ვიმყოფებოდით ბრძოლაში ამერიკის სულისთვის. ახლაც ვართ", - განაცხადა მან.
80 წლის ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია, მან 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხა. რაც შეეხება ბაიდენის ამჟამინდელ რეიტინგებს, 19 აპრილს Reuters/Ipsos-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მას მოსახლეობის მხოლოდ 39%-ის მხარდაჭერა აქვს. როგორც Reuters წერს, ზოგიერთი ამერიკელი გამოთქვამს შეშფოთებას მის ასაკთან დაკავშირებით, რადგან მეორე ვადის დასრულებისას ის 86 წლის იქნება, რაც აშშ-ში კაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას თითქმის 10 წლით აჭარბებს.