logo
ENG



ბაიდენსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

28 იან 202210:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/28/ec5pjwxpv8twg8m.jpg

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საუბარი ხანგრძლივი იყო.

"ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი მქონდა ჯო ბაიდენთან . განვიხილეთ დეესკალაციისთვის დიპლომატიური ძალისხმევა და სამომავლოდ საერთო ქმედებები შევათანხმეთ", - წერს ზელენსკი ტვიტერზე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბრის დროს ჯო ბაიდენმა დაადასტურა ვაშინგტონისა და მოკავშირეების მზადყოფნა მკვეთრი პასუხისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში.

"აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებისთვისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო, ამასთან იკვლევენ დამატებითი მაკროეკონომიკური მხარდაჭერის შესაძლებლობას,", - აღნიშნავენ თეთრ სახლში.

ბაიდენმა, ასევე, განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განკარგვის მიუხედავად, რომ დიპლომატების ოჯახებმა უკრაინა დატოვონ, კიევში საელჩო მუშაობას აგრძელებს.

26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ცნობილი არაა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს. 

რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები. 

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, პასუხის მომზადებისას მოკავშირეებმა მათი პოზიციებიც გაითვალისწინეს. 

გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან. 

რუსეთში აცხადებენ, რომ NATO-სა და აშშ-ს წერილებს სწავლობენ, მომდევნო ნაბიჯებს კი პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს. 


close დახურვა