საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატის გიორგი ჭოჭუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია.
როგორც ჭოჭუამ აღნიშნა, დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
"ემოციური ფონი აქვს, იყენებს დუმილის უფლებას. შემდგომში დამშვიდებულზე შევხვდებით საპატიმროში და დეტალურად გავესაუბრებით. ხვალ დღის განმავლობაში წარუდგენენ ბრალს. ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და ეს ბრალი მოეხსნება ყოველ შემთხვევაში", - განაცხადა მან.
კიდევ ერთი ადვოკატის გიორგი ბარდაველიძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს სიმართლეს არ შეესაბამება.
"საზოგადოებაში მუსირებდა ის აზრი, რომ თითქოს ნიკოლოზს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ ეს ასე არ არის და ამას არც ერთი დოკუმენტი არ ადასტურებს. ცეცხლსასროლი იარაღი მას არ ჰქონია. ეს იყო უბრალოდ სასიგნალო იარაღი", - ამბობს ინტერესების დამცველი.
ავლაბრის მეტროსთან მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი დღეს, დაახლოებით, 13 საათისთვის შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა, ხოლო მძევლები გაათავისუფლეს.