logo
ENG



ბარამიძე: ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტში

13 მაი 202116:16
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე აცხადებს, რომ ენმ არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა შევიდეს და რომ მრავალპარტიულობით მე10 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმური ვერ გახდება. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში ბრიფინგზე ისაუბრა.

"ცნობილია ჩემი პოზიცია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტში. არალეგიტიმური იყო 2020-ის არჩევნების შემდეგ, არალეგიტიმური იყო მთელი ამ 6 თვის განმავლობაში და იმის გამო, რომ რამდენიმე მცირე პარტია, ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, საპატივცემულო იყოს, მცდარად შევიდა ამ პარლამენტში, რაღაც იმედებით.

ამით, ეს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ გახდება. უფრო მეტიც, ნაციონალური მოძრაობა რომც შევიდეს, ამითაც ლეგიტიმური ვერ გახდება იმიტომ, რომ ლეგიტიმაცია არაა დამოკიდებული მრავალპარტიულობა-ერთპარტიულობაზე. ლეგიტიმაცია მოდის ხალხის ნებაზე. ხალხის ნებიდან გამომდინარე უმრავლესობაში არ უნდა იყოს ქართული ოცნება", - ამბობს ბარამიძე. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მელია ადასტურებს იმასაც, რომ ამ თემაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.

შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-სთვის. პარტიიდან წინადადებას მხოლოდ სალომე სამადაშვილი დათანხმდა, შემდეგ კი ენმ ფაქტობრივად დატოვა. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს. 

ენმ-სთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც მიუღებელია ამნისტიის ნაწილი, რომელიც მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა. 

წინადადებაში წერია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს". 

2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. 


close დახურვა