logo
ENG



სააკაშვილი: მას შემდეგ, რაც მელია ციხეს დატოვებს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს

20 აპრ 202112:50
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს "ყოველგვარი დამამცირებელი პირობის გარეშე". 

ვიდეო მიმართვაში სააკაშვილმა თქვა, რომ "ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და რა თქმა უნდა, ძალიან შორს არის იმისგან, ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს".

მაგრამ მისივე თქმით, დოკუმენტში არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი რამ:

"ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე, როგორც გიორგი რურუა". - ამბობს სააკაშვილი. 

"ჩვენ მივაღწიეთ, რომ ეს თვეები ოპოზიცია ინარჩუნებდა ერთიანობას. მივაღწიეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას. მე ძალიან მადლობელი ვარ ამერიკელების და ევროპელების, რომ მათ გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი პრობლემები და მონაწილეობენ ამ პროცესში. მე მივესალმები შარლ მიშელის განსაკუთრებულ როლს. ნიკა მელიამ დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, ყოველგვარი დამატებითი გირაოს გარეშე. უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს, იმიტომ, რომ ის ციხეში არის უკანონოდ და უდანაშაულოდ. 

მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს, მინდა, მოვუწოდო ენმ-ს, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი: შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად რეფერენდუმი დაინიშნა". - თქვა ექსპრეზიდენტმა. 

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 19 აპრილს მოაწერა.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

close დახურვა