თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე გადაცემაში „პოლიტმეტრი“ "ოცნების" მთავრობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტრაგედია მოხდება.
ბარამიძის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს უნარი დაამკვიდროს სამართლის უზენაესობა.
„თუ დავუშვებთ, რომ მანქანა იყო იქ მთელი ამ დროის განმავლობაში, სადაც აღმოაჩინეს, კითხვა არის - თვალები სად გქონდათ, როგორ ვერ აღმოაჩინე. რომ ამბობ 60 კაცი გავაგზავნეო, ეტყობა ეს 60 კაცი სხვა საქმით იყო დაკავებული. რომ თქვი დრონით ვეძებდიო, ეტყობა არ ეძებდი დრონით. ამ ხელისუფლების პირობებში, მართლმსაჯულების სისტემას აღარაფერი ეშველება, ეს ცხადზე უცხადესია. თუ ეს ხელისუფლება შენარჩუნდება, კიდევ უფრო მეტ ტრაგედიას მივიღებთ. ამ ხელისუფლებას არ აქვს უნარი დაამკვიდროს სამართლის უზენაესობა“, - განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. ამ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდა ამისა, ითქვა, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიებამ დაკითხა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. გარდაცვლილის მამას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.