logo
ENG



ბარამიძე სააკაშვილზე: მაქვს ძალიან სერიოზული რეზერვაციები პარლამენტში ამ პირობებით შესვლაზე

20 აპრ 202114:09
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ბარამიძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას და აღნიშნავს, რომ "სერიოზული რეზერვაციები" აქვს პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებით შესვლაზე. 

გია ბარამიძის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთგულების მიუხედავად, მისგან განსხვავებული შეხედულებები ბევრჯერ ჰქონია. 

"ყველამ კარგად იცის ჩემი და მიშას [სააკაშვილის] მეგობრობა და ყველამ კარგად იცის ჩემი ერთგულება ამ საქართველოსთვის უდიდესი ადამიანის მიმართ, მაგრამ ჩვენ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ გვქონია სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული შეხედულება.

პირადად მე მაქვს ძალიან სერიოზული რეზერვაციები პარლამენტში იმ პირობებით შესვლაზე, რა პირობებიც ამ დოკუმენტშია, როდესაც გაურკვეველია რა შუაშია 43%-ის დაკავშირება ადგილობრივი არჩევნებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით", - ამბობს გია ბარამიძე. 

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან ვიდეომიმართვით მოუწოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს "ყოველგვარი დამამცირებელი პირობის გარეშე". 

ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა თქვა, რომ "ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და რა თქმა უნდა, ძალიან შორს არის იმისგან, ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს".

მაგრამ მისივე თქმით, დოკუმენტში არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი რამ:

"ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე, როგორც გიორგი რურუა". 

მიხეილ სააკაშვილმა, ასევე თქვა, რომ შემოდგომას ადგილობრივი არჩევნები "პრაქტიკულად რეფერენდუმი იქნება". მან კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნდება, ამჯერად, თარიღიც დაასახელა:

"მინდა გითხრათ შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ. მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს, ჩემი სიცოცხლის, თუ თავისუფლების ფასად. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი", - ამბობს სააკაშვილი. 

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 19 აპრილს მოაწერა.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

close დახურვა