თეოლოგი ბასილ კობახიძე Facebook-ზე წერს, რომ პროკურატურამ ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას. კობახიძე მეუფე იაკობის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს კიდევ ერთხელ დაემუქრა.
ბასილ კობახიძის თქმით, მეუფე იაკობის განცხადებები საშიშია და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
"პროკურატურამ მეუფე იაკობის წინააღმდეგ უნდა აღძრას საქმე, ადამიანების სიცოცხლის მოსპობისაკენ საჯაროდ მოწოდებისათვის. მამა გიორგი მამალაძეს არაფერი დაუშავებია და 9 წელი მიუსაჯეს, ხოლო ეს იაკობი თავისუფლად უნდა მოუწოდებდეს ჟურმალისტების დახოცვისაკენ შარლი ებდოს მაგალითის მოშველიებით? თან იაკობი თვითონ იღებს და ავრცელებს ამ მოწოდების ვიდეოს. სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული",-წერს კობახიძე.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ეპისკოპოსის მსგავს განცხადებებზე სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, რადგან მისი თქმით, მეუფე იაკობის ეს განცხადება "უვნებელი ბოდვა არ არის".
"ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს რომ ეს იაკობის უვნებელი ბოდვაა. მეუფეებისაგან ზომბირებული მრევლი უკვე დიდი ხანია მზადაა ფიზიკურად გაუსწორდეს სულიერი მამების მიერ დასახელებულ ''ეკლესიის მტრებს'' და მხოლოდ ერთი ნაპეწკალი სჭირდება. ასეთი შემთხვევები ყოფილა და არის, შორს რომ არ წავიდე, აგერ მე გადამხდომია არაერთხელ, ასევე ახალგაზრდა თეოლოგებსაც, მაგალითად გიორგი ტიგინაშვილს. სახელმწიფომ თუ არ მიიღო ზომები, იაკობის და სხვა მეუფემამაოების ამგვარი მოწოდებები ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს",-წერს ბასილ კობახიძე Facebook გვერდზე.
დღეს, 12 სექტემბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია ტელევიზიები ეკლესიას უტევენ და ამისთვის მათ ხელმძღავნელებს "პასუხი უნდა მოეთხოვოთ". ეპისკოპოსმა კრიტიკულ მედიებს მტრები უწოდა.
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის დღევანდელი განცხადება პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს დაემუქრა. მეუფე იაკობმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ ეკლესიაზე შეხებას "არავის აპატიებს".
