მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, იძულებით და მოტყუებით გადაიყვანეს. მთავარ არხთან საუბრისას მან თქვა, რომ ამ ქმედების მიზანი სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ტერორის მოხდენაა.
"დღეს თუ ვინმემ იძალადა, ეს იყო პენიტენციური სამსახური, ეს იყო ღარიბაშვილი და ბრეგაძე. მათ მოტყუებით, სავარაუდოდ, იძულებით მოახდინეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მიტომ, რომ სააკაშვილს გაცხადებული ჰქონდა უარი, რომ არ გადავიდოდა მე-18 დაწესებულებაში. აქ გადაყვანას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ სააკაშვილი მოექცეს ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, რაც ყოველ წამს გვესმის იქ მყოფ ადამიანებს", - ამბობს ბასილაია.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ბასილაია ამბობს, რომ ეს ხელისუფლების დანაშაულებრვი ქმედებების გადაფარვის მცდელობაა. ბასილაია ამბობს, რომ ხელისუფლება გამოგონილ ფაქტებზე ცდილობს ხალხის ყურადღების გადატანას.
"სამწუხაროდ, აღარ არსებობს იურიდიული მექანიზმები, აქ ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა. სასამართლო სისტემა ან სამართალდამცავი სისტემა არ არსებობს, ეს მომართულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შურისძიებისთვის იმიტომ, რომ მან დაასრულა კორუფცია ამ ქვეყანაში, დაასრულა ორგანიზებული კრიმინალი, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ის ებრძოდა ოკუპანტ რუსეთს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ ქმედებების დამკვეთი არის პუტინი და ივანიშვილია ამაზე პასუხისმგებელი. რატი ბრეგაძისნაირი კაცუნები მხოლოდ შემსრულებლები არიან. პირველი ვისაც ამ ქმედებებზე პასუხი უნდა მოეთხოვოს, არის რატი ბრეგაძე", - ამბობს ბასილაია.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ის ამბობს, რომ შემთხვევის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო და მომხდარზე "შესაბამისი რეაგირება" ექნებათ.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის 39-ე დღეა შიმშილობს.
გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.
ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს. გლდანის ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არიან შესული.