logo
ENG



ბასილაია: სააკაშვილის ანალიზების მონაცემები გვაქვს, რომელიც ძალიან შემაშფოთებელია

04 ნოე 202112:39
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ანალიზები შემაშფოთებელია. საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, ბასილაიამ განაცხადა, რომ პარამეტრები გაუარესებულია, რის გამოც ის სამოქალაქო კლინიკაშია გადასაყვანი.

"ცილების მონაცემები არის სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსისა და წნევის კონტროლი დღითიდღე რთულდება. ბილირუბინის ფერმენტი არის მომატებები კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციის განხორციელებას უშლის ხელს. ამ ფონზე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია არის მტკნარი სიცრუე და ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია.

ჩვენ ვნახეთ, რომ ორი ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა - პულმონოლოგისა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში", - განაცხადა ბასილაიამ.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.


close დახურვა