logo
ENG



ბასილაია: სააკაშვილს უნდა რომ პროცესს დაესწროს, თუ არ დაუშვებენ ეს შიშის დემონსტრაციაა

26 ნოე 202115:09
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, თუ დღის ბოლომდე დეპუტატებს არ მიეცემათ უფლება მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულონ, ის მედიკამენტებზე უარს იტყვის. 

ასევე, როგორც ბასილაიამ ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილის მკაფიო პოზიციაა 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწროს. ბასილაია ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს პროცესს არ დაასწრებს, ეს მათი მხრიდან შიშის დემონსტრაცია იქნება. 

"სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, რომ 29 რიცხვის პროცესზე მას უნდა მონაწილეობის მიღება. ის ითხოვს პროცესზე დასწრების უფლების რეალიზაციას. შესაბამისად მის ავადმყოფობაზე მითითება, ეს არ იქნება სამართლებრივად საკმარისი საფუძველი. ასევე ხელისუფლებამ შეიძლება თქვას, რომ იცით რა, აქცია არის დაანონსებული და მაგიტომ არ გადაგვყავსო. ეს შეკრება არის უაღრესად მშვიდობიანი. მსგავსი შეკრებები იმართება სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ პროცესები მიმდინარეობს და ბრალდებული პირები ჩვეულებრივად ესწრებიან პროცესს.

ამიტომ, ეს მიზეზი არ შეიძლება იქნეს ყურით მოთრეული და იქნება შიშის დემონსტრაცია ხელისუფლების მხრიდან. დღის ბოლომდე გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლება მოეგება გონს და დეპუტატებს მიეცემათ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. პოსტტრავმული სინდრომი სახეზეა და დღეს ის სუსტად გამოიყურებოდა, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს მისი სასამართლოში გადაყვანის დაბრკოლება", - განაცხადა ბასილაიამ. 

მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 

იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. ამჟამად სააკაშვილი რეაბილიტაციის კურსს გადის.


close დახურვა