logo
ENG



ბაქრაძე: გზას სხვა საკითხების შესრულებისკენ გახსნის მელიას და რურუას სწრაფი გათავისუფლება

20 აპრ 202120:02
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მთავარი საკითხი, რომლითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების შესრულება უნდა დაიწყოს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

როგორც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ მიდგომას შარლ მიშელიც იზიარებს. 

"ჩემთვის და კოლეგების დიდი ნაწილისთვის, მთავარი საკითხი ამ პროცესში გახლდათ პოლიტპატიმრების რაც შეიძლება სწრაფი გათავისუფლება. მიმაჩნია, რომ გზას სხვა საკითხების შესრულებისკენ გახსნის მხოლოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას რაც შეიძლება სწრაფი გათავისუფლება.

პრეზიდენტი მიშელი ამ მიდგომას იზიარებს, მისი პოზიციაც არის, რომ ეს უნდა იყოს საკითხი, რომლითაც დაიწყება ამ ხელშეკრულების შესრულება და რომელიც შექმნის მეტ შესაძლებლობას, რომ უკვე სხვა ტიპის საკითხებზე, სასამართლო, საარჩევნო და სხვა რეფორმებზე ვისაუბროთ.

სანამ ეს ადამიანები არიან დაჭერილი, ვერანაირ რეფორმებზე საუბარი ვერ შედგება, ამიტომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს გახლავთ ეს. ყველაზე პირველი, რაც შეიძლება დღეს საღამოსვე გაკეთდეს, ეს არის გიორგი რურუას შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან", - თქვა ბაქრაძემ.

გუშინ, 19 აპრილს, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.


close დახურვა