logo
ENG



ბაქრაძე: ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ პროპორციულ ნაწილში ოცნებამ ვერ მიიღო ნდობის მანდატი

31 ოქტ 202023:09
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებმა აჩვენა, რომ ქართულმა ოცნებამ პროპორციულ ნაწილში საკმარისი მანდატების მოპოვება ვერ შეძლო.

ამასთან, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ძალიან მაღალი იყო იმ ადამიანების რიცხვი, ვინც კვლევებში მონაწილეობა არ მიიღო, რაც მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე არსებული ძალადობრივი ატმოსფეროს შედეგია.

"ძალიან მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და სავარაუდოდ, არ აფიქსირებს იმ ძალადობრივი კლიმატის გამო, რომელიც დღეს უბნებზე იყო შექმნილი. იქ შეკრებილი ძველი ბიჭების და შიშის ატმოსფეროს გამო, ადამიანები უბრალოდ ვერ ამბობენ, რომ ოპოზიციას უჭერენ მხარს.

ამის მიუხედავად, ყველა კვლევას, არ ვგულისხმობ სამთავრობო ეგზიტპოლებს, გააჩნია ორი საერთო თვისება: პირველი - ეს გახლავთ ის, რომ ქართულ ოცნებას ყველა კვლევაში აქვს 50%-ზე ნაკლები ხმების. ანუ პროპორციულ ნაწილში ქართულმა ოცნებამ ვერ მიიღო ქართველი ხალხის ნდობის მანდატი და ქართული ოცნება არ არის გამარჯვებული ამ არჩევნებში. მეორე საერთო ნიშანი გახლავთ ის, რომ ძალიან მაღალია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც არ აფიქსირებს პოზიციას", - თქვა ბაქრაძემ.

მან ასევე ევროპული საქართველოს დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პასუხზე უარი ამომრჩეველთა დაახლოებით 38%-მა განაცხადა, თუმცა აქედან 10% მათ უჭერდა მხარს. ბაქრაძე ფიქრობს, რომ როგორც ევროპული საქართველოს, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების საბოლოო შედეგები უფრო მაღალი იქნება.

"ჩვენი ეგზიტპოლის მიხედვით, სადაც შედარებით ნაკლები იყო უარი პასუხზე, დაახლოებით 38%, იქ ევროპულ საქართველოს ჰქონდა 10%. ამიტომ მე იმედი მაქვს, საბოლოო შედეგში ევროპული საქართველო ორნიშნა რიცხვს აჩვენებს. ვფიქრობ, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც აეწევათ შედეგი, რადგან ის 60%, რომელიც უარს ამბობს პასუხზე, როგორც წესი არის ხოლმე ასეთი ტიპის ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი", - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია ფორმულას მიერ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, 20:00 საათის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 46% აქვს, ხოლო საარჩევნო ბლოკს: ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 28%.


close დახურვა