ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი შეცდომა და ჩავარდნა სასამართლო სისტემა იყო. რუსთავი 2-ზე, ღამის კურიერში საუბრისას ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მაშინაც "მორჩილი" მოსამართლეები იყვნენ სისტემაში და მათი "გადაქვემდებარება" მოხდა ახალ ხელისუფლებაზე.
"ერთ-ერთი, გნებავთ, დავარქვათ შეცდომა, ან ჩავარდნა, გნებავთ, დავარქვათ ის, რომ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ძალიან მაღალი ცდუნებაა, რომ ჰყავდეს მისი მორჩილი სასამართლო. იმ წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩავარდნა, განსაკუთრებით, იმ რეფორმების ფონზე, რომელიც სხვა უწყებებში მიმდინარეობდა, იყო სასამართლო. ბევრი პრობლემა შეიქმნა, სწორედ სუსტი სასამართლოს გამო. [...] სასამართლო სისტემა ისეთივე მორჩილია დღეს, როგორიც იყო წინა ხელისუფლების დროს. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ხელისუფლების მორჩილი სასამართლო და იგივე სასამარლო იყო მაშინდელი ხელისუფლების მორჩილი სასამართლოც. არც პიროვნებები შეცვლილან, არც ადამიანები შეცვლილან და არც მათი სამუშაო პრინციპები შეცვლილა", - ამბობს დავით ბაქრაძე.