ევროსაბჭოში ევროპარლამენტის ასამბლეაზე რუსეთის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე „ფორმულასთან“ ევროსაბჭოში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები საუბრობენ. როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, ყველა პოლიტიკური ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული, რომ რუსეთის წევრობა ორგანიზაციაში არ იყოს ჩვეულებრივი.
„მაინც მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური და პროცედურული ბერკეტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რუსეთის წევრობა ამ ორგანიზაციაში არ იყოს ჩვეულებრივი. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ მათ პრობლემა შეექმნათ და მუდმივად უნდა შევახსენოთ მათაც და სხვა ორგანიზაციის წევრებსაც, რომ ეს ქვეყანა ოკუპანტია. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ დელეგაცია სტრასბურგში აპროტესტებს ევროსაბჭოში რუსეთის ყოფნას, საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს ეგიდით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში იწვევს. ძალიან მაინტერესებს რა პოზიციას დაიკავებს დღეს უმრავლესობა“, - განაცხადა ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ კი განაცხადა, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ისაუბრებს.
„ჩვენ დღეს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ვისაუბრებთ. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვეტყვით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს იმ პრობლემების შესახებ, რაც შექმნილი რუსული აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზეა“, - განაცხადა ბერაიამ.